როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ნატო-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში აუცილებლად შეიქმნება.
"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-ნატო-ს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიხსნას ნატო-ს ინფრასტრუქტურა. ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნა და ამით ავამაღლოთ როგორც შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის. ასევე ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის გადაწყვტილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში, ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის იგივე ძლიერი სტაბილურობის კონტრიბუტორი. რაც შეეხება საფრთხეებს, ყველაზე დიდ საფრთხეს რეგიონისთვის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენ ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ხორციელდება",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდება, მისივე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
"დღეს რა თქმა უნდა, ამის ილუზია არ გვაქვს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ არა ერთხელ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დააფიქსირა. ერთადერთი, რაც დღეს სჭირდება სტაბილურობის გამყარებას, არის ის, რომ რუსეთის მხრიდან აღებული იყოს ვალდებულება, საბრძოლო მოქმედებების გამოუყენებლობაზე იმიტომ, რომ 2008 წელს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, მთავარი აგრესიული ნაბიჯები გადადგმული იყო რუსეთის მხრიდან. ის რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.