”საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის აგრესიას გმობს და აცხადებს, რომ საქართველოს კურსი დასავლეთისკენ აქვს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული Forbes გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუს, რომელიც პრეზიდენტმა Forbes Georgia-ს მისცა.
როგორც Forbes-ის ჟურნალისტი კატია სოლდაკი აღნიშნავს, შესაძლოა, ქართული პოლიტიკა ამჟამად აშშ-ის რადარებზე არ ჩანს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიტიკური ცხოვრება აქტიური და კვლავ დასავლეთისკენ ორიენტირებული რჩება.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, არ შეუერთდა ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
"პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც თავიდან პრორუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პროტეჟე იყო, ცოტა ხნის წინ საკუთარი პოლიტიკური პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებთან უთანხმოება ჰქონდა და ახლა უფრო დამოუკიდებელი და შეუპოვარი გახდა, თუმცა ქვეყნის შერეული გზავნილები შეკითხვებს ბადებს საქართველოს კურსთან დაკავშირებით", - წერს კატია სოლდაკი და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს Forbes Georgia-სთან, სადაც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა რჩება ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე და გმობს რუსეთის აგრესიას მეზობლების მიმართ. თუმცა, ამავდროულად გიორგი მარგველაშვილი ლოიალური რჩება მოსკოვთან საქართველოს ურთიერთობების აღდგენის იდეისადმი.
როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის პუტინი საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. პრეზიდენტისთვის თქმით, პუტინს პირადად არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში, შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება.
"მე ამის იმედი მაქვს", - განაცხადა Forbes Georgia-სთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთისგან კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის საფრთხე, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინიდან გამომდინარე ვხვდებით ხოლმე მომსწრე იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას უცბად ჩნდება დაძაბულობის კერები.
"თუ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის სიძლიერე უნდა აღდგეს არა კეთილმეზობლობით, არამედ სამხედრო აგრესიით, იმის მიუხედავად, რომ ამით შესაძლებელია კონკრეტულ მომენტებში პატარ-პატარა სარგებელი ნახოს, საბოლოოდ ეს არ არის მომგებიანი პოლიტიკა. შეიძლება, რუსეთისთვის ცხინვალის ოკუპაცია გარკვეულ მომენტებში საინტერესო იყოს ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით, მაგრამ შორს მიმავალ გეგმებში ცხინვალის რეგიონი მისთვის ეკონომიკურად საინტერესო ვერ იქნება და ვერაფერს მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.