"თბილისობა 2014"-სთვის 850 000 ლარი დაიხარჯება

"თბილისობა 2014"-ის ბიუჯეტი 850 000 ლარით განისაზღვრა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, ეს საკითხი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი და დამტკიცებული. 

"თბილისობა" 25-26 ოქტომბერს გაიმართება. პირველ დღეს იქნება უფრო ახალგაზრდული ტიპის ღონისძიებები, თუმცა "თბილისობა" ყველა კატეგორიის და ასაკის ადამიანისთვის საინტერესო პროგრამით იქნება დატვირთული. პროგრამა უახლოეს დრეებში გამოქვეყნდება საჯაროდ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
 

მისივე თქმით, წლევანდელი "თბილისობა" წინა წლებისგან განსხვავებით სამი რამით იქნება გამორჩეული. 

"პირველი, ეს არის, რომ "თბილისზე მზრუნველის" ახალი ნომინაცია შემოდის და ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა, რომ განსაკუთრებული დამსახურების ადამიანებს, რომელთაც რაიონული გამგეობები წარმოადგენენ, დააჯილდოვებენ. მეორე – გაიმართება ღვინის ფესტივალი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარიმართოს ცივილური ფორმით, ღვინის აღმართზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე, ადამიანები შეძლებენ ღვინის დეგუსტაციას და მესამე – ღონისძიებები გაიმართება არა მარტო ტრადიციულად რიყეზე და რუსთაველზე, არამედ რაიონული გამგეობების სამოქმედო ტერიტორიაზეც. ამასთან, ეს დროში ისე იქნება გაწერილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, როგორც რაიონში ისე, რიყეზე ცენტრალურ ღონისძიებებს დაესწროს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.