აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო კოალიციამ სირიის ქალაქ კობანში ისლამისტთა დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელა.
"ბიბისის" ინფორმაციით, სირიელი ქურთების განცხადებით, ავიაშეტევები ეფექტური იყო, თუმცა მათი განხორციელება მანამდე უნდა მომხდარიყო. მათივე თქმით, 8 ოქტომბერს განხორციელებულმა ავიაშეტევებმა ისლამისტთა შეტევები შეაჩერა, თუმცა კობანში ბრძოლები კვლავ გრძელდება.
"კოალიციას ასე ეფექტურად და ასეთი ძალით მანამდე რომ შეეტია, "ისლამური სახელმწიფო" ქალაქამდე ვერ მოაღწევდა და ამდენ ადამიანს არ გაანადგურებდა", - განაცხადა კობანის ქურთთა ერთ-ერთმა მეთაურმა მეისა აბდომ.
"ბიბისის" ინფორმაციით, გაერო-ს ელჩმა სირიაში სტაფან დე მისტურამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერი იღონოს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" კობანი სრულად არ დაიკავოს.
"ისლამისტების მიერ კობანის დაკავება ადამიანების ჟლეტა და ჰუმანიტარული ტრაგედია იქნება", - განაცხადა გაერო-ს ელჩმა სირიაში.
სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქ კობანის რამდენიმე რაიონი ორშაბათს დაიკავა და ქალაქში შავი დროშები გამოფინეს. სამკვირიან შეტაკებებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.
კობანის დაკავებას საპრტოტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.