საპარლამენტო დელეგაცია იტალიასა და შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

საპარლამენტო დელეგაცია იტალიასა და შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია 9-15 ოქტომბერს იტალიასა და შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.

საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ვენეციის კომისიის მეასე პლენარულ სესიაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობისას მიღწეულ პროგრესს გააცნობს. დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანში, კარდინალ პიეტრო პაროლინთან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

11-15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა. 12-13 ოქტომბერს, საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში დავით უსუფაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ, ნორბერტ ლამმერტს შეხვდება.

ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები -საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრები - თინათინ ხიდაშელი, დავით ბეჟუაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე. ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შვეიცარიის დედაქალაქ, ბერნში გაემგზავრებიან. შვეიცარიის პარლამენტში დაგეგმილია შეხვედრები შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რუდი ლუსტენბერგთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ ფილიპო ლომბარდისთან.

დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ ანჯელო გნედინგერთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორ არტურ მათლისთან.

ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ბერნში შეხვედრებს დავით უსუფაშვილთან ერთად დაესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 16 ოქტომბერს დაბრუნდება.