მსჯავრდებული, რომელსაც უვადო პატიმარობა აქვს მისჯილი, 20 წლის მოხდის შემდეგ შეიძლება გათავისუფლდეს

მსჯავრდებული, რომელსაც უვადო პატიმარობა აქვს მისჯილი, 20 წლის მოხდის შემდეგ შეიძლება გათავისუფლდეს

სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძეა, მასთან ერთად კი დოკუმენტის ინიციატორები დეპუტატები გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გოგი თოფაძე, ვახტანგ ხმალაძე, ანი მიროტაძე და გიგა ბუკია არიან. დოკუმენტის თანახმად ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილშიც შედის  და მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან  ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე იგეგმება.