კომერციულ ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის წარმოების შეეზღუდვა ბანკებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განუცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები თუნდაც ძველ ნორმატივებზე დავიდეს, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივები ამ ნორმატივებს ისედაც არ სცილდებოდა.
როგორც ზურაბ გვასალია აცხადებს, ზუსტი და კონკრეტული კომენტარის გაკეთება ახლა რთულია, ვიდრე ეს ყველაფერი ნორმატიულ აქტში არ იქნება გაწერილი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ბანკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც ეროვნული ბანკი არ გააკეთებს ისეთ ნორმატიულ აქტს, რომელიც ვინმეს შეუქმნის პრობლემას.
"პირიქით, მონდომებაა, რომ ეკონომიკაში ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია იყოს და საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს. ეს უფრო სამომავლო, პრევენციული ზომებია, ვიდრე დღევანდელი სიტაუაციის დასარეგულირებელი, რადგან დღეს არაფერი არ იყო დასარეგულირებელი. "მ2"-ზე კეთდებოდა აქცენტები იმ დროს, როდესაც დეველოპერულ ბაზარზე სულ 3% უკავია. ვერანაირად ვერ იქნება ის მონოპოლისტი. ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული და თუ ასეთი ტემპებით წავიდა, თუნდაც "მ2"-ის საქმიანობა და ის შეიძლება სადღაც მონოპოლისტი გახდეს, აი, ამისი შეზღუდვა იქნება. "თიბისი ბანკს" საერთოდ ნული აქვს არაპროფილური აქტივები. რომელ ბანკსაც არ უნდა მიადგე, არ არის ეს ისეთი ციფრი, რაზედაც ამდენი ხანია, მიდიოდა გაუმართლებელი ლაპარაკი", -აღნიშნა გვასალიამ.
კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
როგორც ქადაგიძე განმარტავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც არ არის კლასიკური საბანკო საქმიანობა.
ქადაგიძის განმარტებით, ეს შეზღუდვები შეეხება მთლიანად არაპროფილურ ბიზნესს და არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე.
"დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას, ეს დიდი ხნის თემაა და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია რაც საუბარი მიდის. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ. გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებს და დეველოპერულ კომპანიებს შორის იყოს ამოწურული და შესაბამისად მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. არავინ არ აუკრძალავს არც ერთი ბანკის აქციონერს განახორციელოს ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაში, რა ინდუსტრიაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი მთავარი ამოცანა და მკაფიო ბარიერი იქნება, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, განხილვის ერთ-ერთი თემაა ასევე აეკრძალოთ თუ არა სრულად კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა.