აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 331 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 331 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 331 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც გაერო-ს ბოლო ანგარიშშია აღნიშნულია, საბრძოლო მოქმედებების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილიდან მოყოლებული 3 660 ადამიანი დაიღუპა, 8 756 კი დაიჭრა.

ლიგა.ნეტ-ის ცნობით, წუხანდელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

5 სექტემბერს მინსკში გამართული სამმხრივი ფორმატის შეხვედრის შედეგად, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენელი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები მონაწილეობდნენ, ხელი მოეწერა პროტოკოლს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. შეთანხმება გუშინ საღამოსვე ამოქმედდა, თუმცა მას შემდეგ ტერორისტებმა არაერთხელ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.