მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პატრიარქი ხვალ პარაკლისს გადაიხდის

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პატრიარქი ხვალ პარაკლისს გადაიხდის

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ პარაკლისს გადაიხდის.

როგორც "ინტერპრენსიუსს" ფონდ "იავნანადან" აცნობეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან ხვალ 25 წელი სრულდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა 09:00 საათზე დაიწყება. 12:00 საათზე კი, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.

ამასთან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სიონის ტაძარშია დაბრძანებული ერთი დღით მახათაზე მშენებარე ტაძარში იქნება ამობრძანებული.

საგანგებოდ ამ დღისთვის დაიბეჭდა ივერიის ღვთისმშობლის ხატები, რომლებიც მრევლს საჩუქრად გადაეცემა.

ფონდ "იავნანას" ინფორმაციის, თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსები, რომლებიც მახათას მიმართულებით 08:00 საათიდან იმოძრავებენ. ფონდის ინფორმაციით, ავტობუსების გასვლის ადგილებია: ვარდების რევოლუციის მოედანი, მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია და ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი ათონის მთაზე 1989 წელს დაიწერა და საქართველოში ჩამოაბრძანეს. ხატი სიონის საკათედრო ტაძარში მოათავსეს. 1999 წლის დეკემბერში კი ოქროს პერანგში ჩასასმელად ხატი გახსნეს და მინა მოაცილეს. აღმოჩნდა, რომ ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად იყო გადასული.