პრემიერ-მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა

თბილისში ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გაიხსნა.

ახალი შენობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გახსნა.

„ეს არის ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის ცენტრი, ამ დონის ცენტრები იშვიათობაა. ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოტური და აბსოლუტურად გაუგებარი. არალეგალ მიგრანტთა ცენტრი მოემსახურება 80 ადამიანს. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ დიდი სიკეთის მიღწევაში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაში განთავსებულია სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები, შექმნილია პირობები მოზარდთათვის. ცენტრში განთავსებულია ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე. ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.