საგამოძიებო უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში ჩატვირთული ტვირთი ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა.
“ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებული გურამ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ ცეცხლაძემ 2014 წლის 3 ივლისს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ბაირამ ჩოშქუნისგან მიიღო შემოთავაზება. კერძოდ, მას სატვირთო მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, ბათუმიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 600 ბიდონი თხევადი საპონი უნდა გადაეტანა, რის შემდეგაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში ჩატვირთული ტვირთი ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტით გრძელდება. ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. ასევე თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ, რომელიც მიმალვაშია, სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.