დავით ნარმანია:  ჩვენ ქამრები შემოვიჭირეთ

დავით ნარმანია: ჩვენ ქამრები შემოვიჭირეთ

ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია; ვიტყვი იმას, რომ ქამრები შემოვიჭირეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანია ჟურნალისტებს დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მერიაში სახელფასო დანამატები მანამდეც არსებობდა.

"ჩვენ არსებითად არაფერი შეგვიცვლია, გარდა მცირედი კორექტირებებისა, ვინაიდან საბიუჯეტო წელი არის წლის ბოლომდე, ეს როგორც დროებითი განკარგულება, იქნა მიღებული წლის ბოლომდე. ამავდროულად, ჩემი დავალებით მაშინვე დაიწყო მუშაობა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ წესზე, რომელზეც ჩვენი სამსახურები მუშაობენ და მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია, ვიტყვი იმას, რომ ქამრები შემოვიჭირეთ და ადმინისტრაციული ხარჯები დავზოგეთ მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ სწორედ ამ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში დაგვეფინანსებინა სხვადასხვა სახის პროექტები და პროგრამები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს.

ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ დედაქალაქის ვიცე მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300 ყოველთვიური დანამატი და სხვა თანამდებობის პირები. ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.