დავით ნარმანია

დავით ნარმანია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შოუმენობისთვის თავის დანებებას ურჩევს

თბილისის მერი დავით ნარმანია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცუდი შოუმენობისთვის თავის დანებებას ურჩევს. როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს მერიაში შოუს დადგმას ცდილობდნენ.

"თბილისის საკრებულოს წევრს აქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ეს არ ჰქონდათ განზრახული. ისინი აქ შოუების დადგმას აპირებდნენ და ამისთვის არ გვცალია, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მე მათ ვურჩევდი - ცუდ შოუმენობას შეეშვან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ უამრავ საქმეს მოვკიდეთ ხელი და ვაკეთებთ, შესაბამისად, ხელის შეშლა, რომელიც სხვადასხვა მაქინაციებით და სხვადასხვა გზებით შეიძლება განხორციელდეს ჩვენი მხრიდან არ იქნება და ვერ იქნება დაშვებული, ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა და წესები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, წესების შესაბამისად საკრებულოს წევრს შეუძლია დაესწროს თბილისის მთავრობის სხდომას.

"სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდა მხოლოდ ირაკლი აბესაძეს თუ შესაბამისი პროცედურები, რომელიც არის გაწერილი იქნება დაცული. თუ ბატონ მელიას რამესთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები, მას შეუძლია ეს თქვას. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის საშუალება, თუმცა მე მის ადგილას ფორმაზე დავფიქრდებოდი", - აღნიშნა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ფოეში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის სხდომა, როგორც კოლეგიალური ორგანოს სხდომა, აბსოლუტურად საჯაროა ნებისმიერი მოქალაქისათვის.

"ნაციონალური მოძრაობა" მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან ალექსანდრე მარგიშვილის გადადგომას მოითხოვდა.