იანოშ ჰერმანმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა

იანოშ ჰერმანმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლები გადასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის მიმდინარეობა და რიგის 2015 წლის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს. ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. მინისტრთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩემი საქმიანობა საქართველოში. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იანოშ ჰერმანმა.

მაია ფანჯიკიძემ იანოშ ჰერმანს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

უნგრელი დიპლომატი იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა მიმდინარე წლის 26 ივნისს დანიშნა.