უსუფაშვილი მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის კონფერენციას გახსნის

უსუფაშვილი მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის კონფერენციას გახსნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) სამდღიან კონფერენციას გახსნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მაღალი დონის კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოდან თითქმის 130 დელეგატი ეწვია. სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები არიან წარმოდგენილნი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია სერვისების რეგულაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ციფრული მაუწყებლობა, ტელესაკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

9 ოქტომბერს, 09:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის საქმიან ნაწილს მისასალმებელი სიტყვით გახსნის და სტუმრებს საქართველოში მაუწყებლობის სფეროში არსებულ ვითარებას, სამომავლო გეგმებს და გამოწვევებს წარუდგენს.

მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) 1995 წელს შეიქმნა და ევროპის 52 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო EPRA-ს წევრი 2011 წლიდან არის.

EPRA-ს მუდმივმოქმედები დამკვირვებელია ევროკომისია, ევროპის საბჭო, ეუთო-ს მედია თავისუფლების წარმომადგენლობა და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია (European Audiovisual Observatory).

კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგელნებიც ეწვივნენ.

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს.