ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში განსახილველად შევიდა

ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში განსახილველად შევიდა

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე არსებულ რეგულაციებს და პასუხისმგებლობას ამკაცრებს პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ამ მიმართულებით ცვლილებები ხუთ კანონში შევა.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვა არ გაიცემა პირზე, რომელსაც არ შესრულებია 23 წელი. ასეთივე ნებართვისას სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარი დგინდება.

ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, იარაღის შეძენა, შენახვასა და ტარებას ვეღარ შესძლებენ პირები, რომლებიც ნასამართლევი არიან მძიმე ან ნაკლებად მძინე დანაშაულის გამო. იარაღის უკანონოდ ტარება ნაკლებად მძიმეს ნაცვლად, მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის, რაზეც სასჯელი 3-დან 5-წლის ნაცვლად, 4-დან 6-წლამდე იქნება.

ცვლილებებით, ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელობაზე ნებართვას ვერ მიიღებენ ასევე პირები, რომლებიც ითვლებიან ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის როგორიცაა: ნარკოტიკური საშუალებების გასაღება-შეძენა-შენახვა-მოხმარება (მუხლი 45-ე), მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონი დათესვა-მოყვანა-კულტივირება (მუხლი 100), წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166), საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის სმა, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (მუხლი 171-ე), სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა (მუხლი 173).

კანონპროექტით დგინდება, რომ ნებართვა არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი, ან გაქარწყლებული და ან მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ლიცენზია არ გაიცემა იმ პირებზეც, რომლებიც დეპორტირებული არიან სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ან იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო.

საკანონმდებლო სიახლეა ისიც, რომ პირი, რომელიც ეძიებს, ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებაზე, ვალდებული იქნება გაიაროს გამოცდა თეორიულ ცოდნაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. აგრეთვე, ის შემოწმდება იმისთვის, რომ ნებართვა მისი სანდოობის და ფსიქიური თავისებურებების მიხედვით გაიცეს.

ახალი ცვლილებები ამტკიცებს იარაღის შენახვის წესსაც. კერძოდ, იარაღი უნდა იყოს დაშლილ, განმუხტულ მდგომარეობაში, შენახული შესაბამისი წესების დაცვით. შენახვის წესების დარღვევა პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენამდე, მთავრობამ მისი პრეზენტირება რამდენიმე დღის წინ გამართა. ახალი საკანონმდებლო ნორმები მთავრობის სხდომაზე მხარდაჭერის შემდეგ მედიას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.