პრეზიდენტს აქვს საფუძველი, ისაუბროს ისე, როგორც უფრო გასაგები იქნება დასავლელი პარტნიორებისათვის, - ასე ხსნის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის კითხვის პასუხოდ გააკეთა.
"როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეპლიკის საწინააღმდეგო ინფორმაცია გააჟღერა, ჩემი აზრით, არცთუ მკაფიო პოზიციით. ვფიქრობ, მას აქვს საფუძველი იმისა, რომ ისაუბროს ისე, როგორც უფრო გასაგები იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს ამ თემაზე და ზოგადად, დაპირისპირებას ხელისუფლების შიგნით, ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პირადი მიუღებლობა არ არსებობს და დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ისინი ბარიერების გარეშე კომუნიკაციას შეძლებდნენ.
"მე მახსენდება არასაჯარო შეხვედრა რესტორანში, რომელიც გარკვეული იმედის მომცემი იყო. ამჟამადაც, როდესაც ვათვალირებთ ფოტოებს, როგორ ულოცავდნენ ისინი ერთმანეთს ასოცორების ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს, ვრწმუნდებით, რომ არანაირი პირადი მიუღებლობა მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ვფიქრობ, თუ ჩვენი ხელისუფლების დამოუკიდებლობა სრულფასოვანი იქნება, მათ არ ექნებათ არანაირი ზღუდე ერთმანეთთან ურთიერთობისა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაინტერესდა, რას უპასუხებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით. ასეთი კითხვით რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს გუშინ, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე მიმართა, რაზეც გიორგი მარგველაშვილის პასუხი იყო, რომ "ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეწუხება ჩვენი გამოწვევაა".
"ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.