მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა

ცნობილი მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. ნამუშევარი შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზებით. მისი სახელწოდებაა "საქართველო - მილიონთა იმედი", ხოლო ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება. "ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო კეთილგონიერ, ჭკვიანურ წამოწყებას ნებისმიერ ქვეყანაში, მითუმეტეს, საქართველოში - ქვეყანაში, სადაც დავიბადე, რომელიც მიყვარს და რომელზეც ვწუხვარ", - აცხადებს მხატვარი.

დევიდ დათუნა (David Datuna) ამერიკელი მხატვარი, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატია. თავის შემოქმედებაში იგი კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული.

დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა - 1974 წელს თბილისში დაიბადა, 1999 წლიდან კი ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება.

დათუნა პირველი და დღესდღეობით ერთადერთი მხატვარია, რომელმაც ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. მის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს.