"მერიის თანამშრომლებზე უკანონო ზეწოლა გრძელდება"

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, მერიაში ცდილობენ, თანამშრომელთა გათავისუფლებას კანონიერი სახე მისცენ.

ფრაქციაში აღნიშნავენ, რომ მერიის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არაერთხელ მოითხოვეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. 

"7 ოქტომბერს გამგებლის მოადგილის გიორგი ჯიქიას ხელმოწერით, ამავე გამგეობის ნავთლუღის უბნის სამსახურის უფროსს თეონა ჭალიძეს ჩაბარდა სამსახურებრივი დავალება, რომლის თანახმად, 8 ოქტომბრის 16:00 საათამდე მან უნდა მიაწოდოს გამგეობას კონკრეტული ინფორმაცია შპს "თბილსერვის ჯგუფის" მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფი" თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, მისი ქვემდებარე და მასთან ანგარიშვალდებული უწყებაა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. ნათელია, რომ არანაირი აუცილებლობა, გამგეობის თანამშრომლების სამუშაო დრო იხარჯებოდეს თბილისის მერიის სხვა ქვემდებარე ერთეულების მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე, არ არსებობს ("თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებულია რამდენიმე ათასი თანამშრომელი, რომელთა ერთადერთი მოვალეობა სწორედ ამ პრობლემატიკის გამოვლენა და გამოსწორებაა). ხაზგასასმელია სამუშაოს შესასრულებლად მიცემული დროის სიმცირეც. საინტერესოა, რითი დაასაბუთებს გამგებლის მოადგილე ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში ამ დავალების შესრულების აუცილებლობას. პასუხი ნათელია, როგორც ჩანს, მოსალოდნელი სისხლისამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ეს ადამიანები ცდილობენ, კანონიერი სახე მისცენ ადამიანების დევნას, მათ უკანონო დათხოვნას სამსახურებიდან. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ასეთი და სხვა (მაგ: ერთ-ერთ გამგეობაში თანამშრომლებს დაავალეს აღეწერათ მაწანწალა ძაღლების რაოდენობა და გამოევლინათ, თუ ვინ აჭმევდათ მათ) უშინაარსო, უშედეგო, თუმცა შესასრულებლად რთული (მოცულობის და დროის თვალსაზრისით) დავალების ვერ შესრულების გამო, ეს ადამიანები, ვინც უარს ამბობენ "პირადი განცხადებით" წავიდნენ სამსახურიდან, დისციპლინური წესით გაათავისუფლონ", - აცხადებენ ფრაქციაში.

მათივე თქმით, ფაქტია, რომ როგორც ისნის გამგეობაში, ისე მერიის სხვა უწყებებში ასეთ ზეწოლას თანამშრომლებზე სისტემური ხასიათი აქვს, ამაზე რეაგირება კი სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს, თუმცა  პროკურატურა გამოძიების დაწყებასაც კი არ ჩქარობს.

"ამავე კონტექსტში საინტერესოა, რომ თბილისის მერიაში საგრძნობლად იზრდება ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რიცხოვნობა. მაგალითად, თბილისის მთავრობა 8 ოქტომბრის სხდომაზე აპირებს კრწანისის, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობებს ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაუზარდოს 12 ერთეულამდე, ხოლო დიდუბის რაიონის გამგეობას - 16 ერთეულამდე, ვაკის რაიონის გამგეობას – 18 ერთეულამდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობას - 21 ერთეულამდე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობით თანამშრომლების რიცხოვნობის ზრდა კავშირში არაა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასთან (თბილისის მერია გასული თვეების განმავლობაში წარმატებით ართმევდა თავს მის მოვალეობებს ნაკლები რაოდენობის თანამშრომლებითაც). ხელშეკრულებით ხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც გარანტირებულად დაიკავებენ მერიიდან გაყრილი თანამშრომლების ადგილს (ან ზოგ შემთხვევაში პირადი განცხადებით გათავისუფლებული ადამიანების აყვანა, თუმცა მათ ადგილას უკვე აყავთ მათთვის "სასურველი" ადამიანები). ფაქტია, მათ აქვთ ზუსტი მიზანი, რამდენ ადამიანს უნდა დაატოვებინონ თბილისის მერია იძულებით და ცდილობენ, ამ მიზანს ნებისმიერი ხერხით მიაღწიონ", - აღნიშნულია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

ამასთან, ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ თანამშრომლებზე ზეწოლის პირობებში ატესტაციის ჩატარება ამ პროცესის გაგრძელებას ნიშნავს და მის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას მოასწავებს. აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, მერიამ უარი თქვას ატესტაციაზე, ასევე, უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ თანამდებობის პირებს, ვის მიმართაც ზეწოლასთან დაკავშირებით პრეტენზია არსებობს და მოხდეს აღნიშნული ფაქტების ობიექტური გამოძიება.