პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების აქტს მან ხელი უკვე მოაწერა, რომლის თანახმადაც, 88 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 27 კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების კომისიის თამჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, 27 მსჯავრდებულიდან ნაწილს სასჯელი გაუნახევრდა, ნაწილს კი 1/3 შეუმცირდა.
მისივე თქმით, შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანი და 1 ქალი პატიმარია.
„კომისიაზე საკმაოდ მწირი იყო ქალი მსჯავრდებულების განცხადებები, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. ამიტომ, ეს ქალბატონი საპატიმროს დღესვე დატოვებს, ისევე, როგორც 7 არასრულწლოვანიდან 4 საპატიმრო სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, 3 კი სასჯელის მოხდის ვადა შეუმცირდა. სულ, კომისიამ, 26-29 სექტემბრის ჩათვლით, 699 განაცხადი განიხილა. ამათგან, არსებით განხილვაზე 312 განაცხადი გადავიდა, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.
შეწყალებულთა შორის, ვინც საპატიმროს დღესვე დატოვებს, არიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ქურდობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება, შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარების და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მსჯავრდებული პირები“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა სასჯელი შეუმცირა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ 2 პირს.
„საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაციები შევთავაზეთ და მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ქორიძემ.