"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიის ფოიეში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან. ნიკა მელიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა , რაც ფოიეში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მერიასთან შეკრებილი ხალხის ჯგუფი გაარღვია და შარტავას გამზირისკენ გაიქცა. ამ ინციდენტის დროს ერთი ქალბატონი წაიქცა. მელიას თქმით, მამაკაცი სუს-ის თანამშრომელია, იგი იცნო და მიესალმა, რის შემდეგაც იგი დიდი სისწრაფით გაიქცა.
"ვიცანი და მივესალმე სუს-ის თანამშრომელს. მისალმება დასრულებული არ მქონდა, სრულიად მოულოდნელად, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ის ფოიეში იყო და ხელმძღვანელის დავალების მიხედვით მოქმედებდა. სამწუხაროა, რომ მერიის ფოიე სუს-ის თანამშრომლებით არის გატენილი", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ამასთან, ადგილზე იმყოფება ქალაქის უბნის ინსპექტორის სამმართველოს უფროსი ელგუჯა ჯღარკავა.