ევროპარლამენტში არის სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიკაცია განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, უფრო ზუსტად დეკემბრის დასაწყისში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ბელგიაში, ბრიუსელში ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ევროკომისარს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც წარდგენილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისრის თანამდებობაზე. ევროპარლამენტში კი ალექსი პეტრიაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა (ევროპის სახალხო პარტია-EPP) უმასპინძლა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა 2015 წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დაფიქსირება. ამ კუთხით, ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.
ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართული შეხვედრებისას სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა მადლიერება გამოხატა სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების გამო და ხაზი გაუსვა ამ პროექტების გაგრძელების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით.