ეროვნული გვარდია – სააკაშვილს დაავიწყდა, თარგამაძეს არ ახსოვს

ეროვნული გვარდია – სააკაშვილს დაავიწყდა, თარგამაძეს არ ახსოვს

[ანი გოდერძიშვილი]

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი - ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტმა კანონი უკვე დაარღვია, ვინაიდან ერთთვიანი ვადა 9 აგვისტოს ამოიწურა. გვარდიის დეპარტამენტს კი უფროსი ჯერაც არა ჰყავს და მის მოვალეობას, ამ დრომდე, კაპიტანი რატი წაქაძე ასრულებს.

 

როდის დანიშნება ეროვნული გვარდიის სარდალი - ამის თქმა უჭირთ თავდაცვის სამინისტროში. ამასობაში კი პრეზიდენტის მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტები, რომლებიც პალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

 

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი არ ასრულებს თავიანთ მოვალეობას. შეგიძლიათ ჰკითხოთ ამ ბატონებს, რამდენჯერ ყოფილან სამხედრო ნაწილებში, ან რამდენჯერ გადაუმოწმებიათ მათი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი? დღევანდელ პარლამენტს პასუხს ვერ მოვთხოვთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ პარლამენტი არ არსებობს.

 

ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ პრეზიდენტმა დაარღივა კანონი, მაგრამ მას ეს არ ადარდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ ჰყავს რეალური ოპონენტი, რომელიც მას ამაზე პასუხს მოსთხოვს. პარლამენტი, რომელიც ვალდებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანია გადაქცეულია ნოტარიუსის უწყებად, რომელიც ყველა წარმოდგენილ კანონს ყოველგვარი განხილვის გარეშე ამტკიცებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც უმაღლეს მთავარსარდალს პასუხს მოსთხოვს ვადების დარღვევის

გამო,“ - ამბობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

 

ფილოსოფოსი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე თვლის, რომ ეროვნული გვარდია „დაწყევლილია“, ვინაიდან 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ვერ მოხერხდა მისი ინსტიტუციონალიზება.

 

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია. მაგრამ, ამაზე რეაგირება რომ ხდებოდეს, მაშინ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ სამართლებლივ სახელმწიფოში და ნორმალური ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მერწმუნეთ, ეს სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევდა. მაგრამ, ჩვენთან ეს

სკანდალი არ გორდება.

 

ვინ აძალებდათ, კანონში ერთთვიანი ვადა რომ ჩაწერეს? ჩაეწერათ მაგ კაიდედმამიშვილებს ორი ან სამი თვე, მაგათ ხელში არაა პარლამენტიც და ყველაფერიც? რაც უწერიათ, ის მაინც გააკეთონ! კანონი დარღვეულია და ეს ფაქტია. ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კანონს და ამაზე რეაგირება არ ხდება,“ - აცხადებს კახა კაციტაძე.

 

რატომ არ ინიშნება სარდალი და რატომ მიდის შეიარაღებულ ძალებში რეფორმა საკმაოდ ნელი ტემპებით? ამ საკითხებთან დაკავშირებით

„პრესა.გე“ სამხედრო-პოლიტიკურ მიმომხილველს გიორგი თავდგირიძეს

ესაუბრა“

 

პრეზიდენტს ერთი თვის ვადაში უნდა დაენიშნა ეროვნული გვარდიის სარდალი, მაგრამ ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ნიშნავს სააკაშვილი გვარდიის სარდალს?

– გვარდიას სჭირდება სარდალი, მოვალეობის შემსრულებელი იგივე უფლება-მოსილებით დანიშნულ სარდალს კი შეზღუდული აქვს საბრძოლო ბრძანებების გაცემის უფლება. ასევე, არა აქვს საკადრო გადაწყვეტილების

უფლება. თუმცა, თუ რეალობას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ უმაღლესი მთავარსარდალი დაფიქრდეს სანამ შეარჩევს გვარდიის სარდალს.

 

გვარდიის სარდალის დანიშვნა არ უნდა იყოს რიგითი ღონისძიება. გვარდიის სარდალი გვარდიაში უნდა მოვიდეს სამოქმედო გეგმით და კარგი იქნება თუ თავისი გუნდით მოვა. ის უნდა მოვიდეს თავის მრჩეველთა გუნდით და მოქმედების გეგმით. ფაქტიურად, გვარდიის სარდალი უნდა დაინიშნოს მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭო, უმაღლესი მთავარსარდალი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, შეთანხმდებიან თუ როგორი იქნება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ამ მიმართულებით.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ არ იკრიბება უშიშროების საბჭო?

- ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებაში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ალბათ, გარკვეულ დროში ჩამოყალიბდებიან. შემთხვევითი პიროვნების დანიშვნას და შემდეგ მის გათავისუფლებას, დაფიქრება ჯობს. დანიშნოს ის, რომელიც შეძლებს მთელი ამ სისტემის რეფორმირებას. ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს მინდობილი მოფიქრებაც და განხორციელებაც, როგორც ეს აქამდე იყო. მთელი ერვონული გვარდია მინდობილი იყო ზურაბ არსოშივლზე...

 

რა თქმა უნდა, მან ვერ მოახრხა გვარდიის რეფორმირება, რადგან მხოლოდ შიდა რესურსებით და მისი ნება-სურვილით ის ვერ მოახერხებდა რეფორმის ჩატარებას. როგორც წესი, ნებისმიერ არმიაში, ნებისმიერი სტრუქუტრული ცვლილებები საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფის შედეგია.

 

აქედან გამომდინარე, არსოშვილის დამსახურება ის იყო, რომ გვარდია ფუნქციონირებდა. მან ვერ შეძლო რეზერვის შესახებ კანონპროექტის

დადება, რადგან როგორც წესი ამგვარ კანონპროექტებზე უნდა მუშაობდეს

პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის შეიარააღებული ძალები, როგორც პრიორიტეტი არ არსებობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კი, რომელიც ვალდებულია ამაზე კონტროლი დააწესოს, საერთოდ იგნორს აკეთებს...

 

ის, რომ შეიარაღებულ ძალებში სტაგნაციაა და რეფორმის ტემპები საკმაოდ ნელია, ეს ფაქტია. ანუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეიარაღებული ძალებში დაჩქარებული ტემპით რეფორმაა ჩასატარებელი. მაგრამ, დაჩქარებული ტემპი არ ნიშნავს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.

 

აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ხელისფლებამ უნდა გაიაზროს როგორ აპირებს ქვეყნის თავდაცვას, არა ცალკეულ სოფლებში რაღაცა შეიარღებული ძალების შექმნით, არამედ მთლიანობაში უნდა ჩამოყალიბდეს ხედვა იმისა, თუ როგორ მოხდება რუსეთისგან აგრესიის მოგერიერება და შემდგომ უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჯერ ეს უნდა დავინახოთ და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ რეფორმა.