თუ ამ ტემპით ვიარეთ, შესაძლოა, გაერო-ს საპარლამენტო ასამბლეაც აქ ჩავატაროთ

თუ ამ ტემპით ვიარეთ, შესაძლოა, გაერო-ს საპარლამენტო ასამბლეაც აქ ჩავატაროთ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარდებას სრულიად სახელმწიფო სისტემის მობილიზება დასჭირდება.

2016 წლისათვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარდების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კოლეგებს აცნობა, საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრის მიზნით, ოთხ-ხუთ კვირაში საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. მისივე თქმით, ასამბლეის სხდომა შესაძლოა ბათუმში ჩატარდეს.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სერიოზული ორგანიზაცაა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს იხილავს და გაერო-ს შემდეგ ყველაზე დიდ ტერიტორიას ფარავს. არის ძალიან სერიოზული ღონისძიება, რომელსაც ყველა თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული უნდა შევხვდეთ. 2016 წლის ზაფხული დღევანდელი გადასახედიდან შესაძლოა შორს ჩანს, თუმცა არც ისე შორსაა. კომიტეტი, ცხადია წამყვანი ქვედანაყოფი იქნება, რომელიც მოსამზადებელ პროცესში ჩაერთვება, მაგრამ ეს ისეთი ღონისძიებაა, რომელსაც სრულიად სახელმწიფო სისტემის მობილიზება დასჭირდა როგორც ლიჯისტიკური, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

გარდა ამისა, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, 2017 წელს საქართველოში შესაძლოა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაც გაიმართოს.

"თუ ამ ტემპით ვიარეთ, შესაძლოა, ცოტა ხანში გაერო-ს საპარლამენტო ასამბლეაც აქ ჩავატაროთ - სულ მცირე კლიმატის ცვლილებების სამიტი ან რაიმე ამდაგვარი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ რეპლიკასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხუმრობით იკითხა, თუ ვინ წავა იქ, რაზეც უსუფაშვილმა განმარტა, რომ "არავინ წავა და თავად სამიტი ჩამოვა საქართველოში".