რეცეპტით მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემების რიცხვი ათეულობიდან ერთეულებამდე შემცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი აბსოლუტურად მშვიდად მიდის.
"დღეს იყო მორიგი შეხვედრა ფარმინდუსტრიის და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების ამოცანა ერთმანეთისთვის მონიტორინგის შედეგების გაზიარებაა იმ ხარვეზების აღმოფხვრისთვის, რაც არის. თუ სექტემბრის პირველ რიცხვეში იყო რამდენიმე ათეული პრობლემა, დღეს არის ერთეულები, ისიც ეპიზოდური. თვითონ პროცესი უკვე აბსოლუტურად მშვიდად მიდის", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ასევე დადებითად მიდის მედიკამენტების გადაჯგუფების პროცესიც.
"რაც შეეხება მედიკამენტების გადანაცვლების პროცესს. ეს არის დინამიური პროცესი. ბოლოს, 3 კვირის წინ 700-მდე დასახელების მედიკამენტი გადავიდა ურეცეპტოდ გასაცემ ჯგუფში. ცვლილებები განხორციელდა გადაუდებელი დახმარების ჩანთის შემადგენლობაში და 14 დასახელების მედიკამენტს დღეს კიდევ დაემატა მედიკამენტებს", - განაცხადა სერგეენკომ.
სახალხო აფთიაქის დირექტორის არჩილ მორჩილაძის თქმით კი, სამინისტრო მზად არის ფარმაცევტული კომპანიების წინადადებები გაითვალისწინოს.
"დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი. სამინისტროს მხრიდან არის მზაობა, რომ ეს წინადადებები გაითვალისწონ. ძირითადი პრობლემები კი იყო გადაუდებელ მედიკამენტებთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი დარეგულირდა, რაც უფრო გაადვილებს გადაუდებელი მედიკამენტების მოხმარებას", - აღნიშნა მორჩილაძემ.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ილონა კობიაშვილის თქმით, ასოციაციის თხოვნაა, რომ კანონდამრღვევი აფთიაქების მიმართ ადმინისტრირება გამკაცრდეს.
"ასოციაციის ყველა წევრი სამინისტროს მხარში უდგას ამ პროცესში. ჩვენი თხოვნაა, რომ ამოქმედდეს უფრო მკაცრი ადმინისტრირება დამრღვევების მიმართ. ასევე პრობლემაა ის, რომ საზოგადოების ინფორმირება უფრო მეტად უნდა მოხდეს როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების თაობაზე", - აღნიშნა კობიაშვილმა.
ამასთან, როგორც ფარმაცევტული კომპანების წარმომადგენლები, ისე მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით უარყოფს.