ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 3 ოქტომბერს მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები და მშობლები არიან შეკრებილები.
სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებს სამართალდამცველები იცავენ.
22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილია დაკავებული, რომლის სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ, პროკურატრურა კი პატიმრობას ითხოვს.
"პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით წარდგენილი იქნას გირავნობა", - აღნიშნა თეიმურაზ ბუცხრიკიძემ.
ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით აქვს წარედგენილი.
3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.