სლეშის უარი

სლეშის უარი


რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ჯგუფი “Guns’N Roses” როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალ წევრად მიიღეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2012 წლის აპრილში, ქალაქ კლივლენდში ჩატარდება.

მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, დაფასებული ჯგუფები ამ ღონისძიებაზე იმ მუსიკოსების შემადგენლობით უნდა გამოცხადდნენ, რომლებიც მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ.

ორი დღის წინ “Guns”N Roses”-ის ყოფილმა გიტარისტმა სლეშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლივლენდში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას კატეგორიულად არ აპირებს.

მუსიკოსს ყოფილ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა არ აკავშირებს და მათთან თუნდაც რამდენიმე დღით ერთად ყოფნის სურვილი არ გააჩნია.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის გენერალურმა დირექტორმა ჯოელ პერესმანმა ეს სამწუხარო ფაქტი ოფიციალურად უკვე დაადასტურა. მისი განცხადებით, ჯგუფმა ღონისძიებაში მონაწილეთა სია უკვე გაუგზავნა და მასში სლეში მოხსენიებული არ არის.

მომავალ წელს დიდების დარბაზის საპატიო წევრებად აქსელ როუზის ჯგუფის გარდა “Beastie Boys”-ს, “Red Hot Chili Peppers”-ს, “The Faces”-სა და მომღერალ დონოვანს მიიღებენ.