სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნება. სესიის მუშაობაში საქართველოს დელეგაციაც ჩაერთვება.
განხილვებს რუსეთის დელეგაცია არ დაესწრება, რადგან მას წლის ბოლომდე ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს. რუსი დეპუტატები სტრასბურგში არც ჩასულან, მათი პრეტენზიები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზენტის პრესკონფერენციაზე რუსმა ჟურნალისტებმა გაახმოვანეს.
კერძოდ, რუსი დეპუტატების უკმაყოფილება უკავშირდება ევროსაბჭოში ქვეკომიტეტის შექმნას, რომელიც რუსეთის სამეზობლო პოლიტიკას განიხილავს.
"დიახ, რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა პრობლემაა და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, რუკას დახედოთ. ასე რომ, ასამბლეა სწორად მოიქცა, როდესაც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ აგრესიის პრევენცია მოახდინოს. დაცული უნდა იყოს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ღირებულებები", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზენტმა ანა ბრასომ.
მან საქართველოსთანაც გაავლო პარალელები და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ანექსიას, თუმცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
"ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ და ამისთვის მყარად უნდა ვიდგეთ",- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველოს ვითარება წელს ევროსაბჭოს განხილვის მთავარი თემა არ არის, თუმცა ის დღის წესრიგში მუდმივად რჩება.
საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ მომზადებული ანგარიში ხვალ მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.