ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ლევან ქარდავა სასამართლოს წინაშე ჩვენებას დაახლოებით 3 საათის მანძილზე აძლევდა.
ქარდავას თქმით, 2006 წელს მას კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან დათა ახალაიასაგან მიიღო ზეპირი განკარგულება, რომ რამდენიმე ციხეზე თავდასხმა იგეგმებოდა და აღნიშნულის თაობაზე ქარდავას ოპერატიული გეგმის შედგენა დაევალა. ლევან ქარდავას თქმით, გეგმის შედგენის შემდეგ სამსახურში მას უფროსები გია დგებუაძე და კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია არ დახვდნენ, ისინი წასულები იყვნენ ნავთლუღში და ლევან ქარდავაც ნავთლუღისკენ მანქანით წავიდა. მისი თქმით, ნავთლუღის ავტოსადგურიდან მოშორებით დაინახა დათა ახალაიას მანქანა და ამასთან, სროლების ხმა შემოესმა. როგორც ქარდავამ დაკითხვისას განაცხადა, მან დაინახა დათა ახალაია, გია დგებუაძე, გია ალანია, ოლეგ მელნიკოვი, რომლებიც სადგურის მიმართულებით დაიძრნენ და იარაღს ჰაერში ისროდნენ. „სადგურის ტერიტორიაზე დამხვდა შემდეგი სურათი. ერთი პიროვნება ძირს იყო და მას გვერდზე ედო იარაღი. დათა ახალაია, გია ალანია, გია დგებუაძე იქ იმყოფებოდნენ. მათთან ახლოს იდგა სალვა თათუხაშვილი და ხელებითა და მიმიკებით უხსნიდა, თუ რა მოხდა. მე ახლოს არ მივედი“, - განაცხადა ქარდავამ. მისივე თქმით, შალვა თათუხაშვილის ბრძანების შესაბამისად, სპეც-რაზმელებმა რკალი შეკრეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე უცხო პირის მოხვედრა გამორიცხული იყო. როგორც ქარდავა აცხადებს, თავად არც იარაღი ჰქონდა, არც ფორმა სცმია და არც ნიღაბი კეთებია. შემდეგ კი, მალევე, სამსახურში უკან დაბრუნდა, რათა ოპერატიული ინფორმაციისთვის თვალყური ედევნებინა და უფროსებისთვის მიეწოდებინა. ლევან ქარდავას თქმით, იგი 2014 წლის მარტში დააკავეს და პროკურატურა მას სთხოვდა, მათთვის სასურველი ჩვენებისთვის ხელი მოეწერა და თუ ქარდავა ამას გააკეთებდა, ციხეში არ გაუშვებდნენ. თუმცა როგორც ბრალდებული აცხადებს, ჩვენებაზე ხელის მოწერას ის არ დასთანხმდა. ამასთან, დღესვე, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სხვა ბრალდებულების: გიორგი მაზმიშვილისა და ვაჩო ახალაიას დაკითხვაც იგეგმება. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავის ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.