ბაღის დირექტორი 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა

ბაღის დირექტორი 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა

სკოლა-ბაღის "სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მარინა ცინცაძემ კატეგორიულად უარყო, რომ ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სკოლა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ გაბრიელ ნიშნიანიძემ ნაფხაჭნი ბავშვთან წაკინკლავების დროს მიიღო.

"ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიული იყო, იქნებ სახლში დავარდა. მე რა ვიცი. მე არ ვენდობი ამ ექსპერტიზას. ჯერ ერთი, თუ ამ ბავშვს ასეთი დაზიანებები ქონდა, ჩემთან რატომ არ მოვიდა? მე თვითონ წავიყვანდი და ერთად შევამოწმებდით ბავშვს. საინტერესოა, ვინ დგას მაგ ბავშვის უკან. შემეძლო უარი მეთქვა ამ ბავშვის მიღებაზე, მაგრამ შემეცოდნენ. ყველა ერთად იყვნენ მოსული. არაჩვეულებრივი შესახედავი ბავშვია. მე მყავს ასეთი ბავშვები, გაბრიელი პირველი კი არ იყო. ვფიქრობდი, ერთობლივი მუშაობით, მხარში დგომით იქნებ გაბრიელი საზოგადოებისთვის დაგვებრუნებინა", - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან სკოლა-ბაღი რუდუნებით მუშაობს და შეეცდება ყოველმხრივ თავისი სახელი და იმიჯი აღიდგინოს, რომელიც ერთ დღეში დაენგრა. მარინა ცინცაძე აპირებს დარღვეული უფლებები თავად დაიცვას.

მისივე თქმით, ამჟამად ბაღში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს დღეს გაბრიელ ნიშნიანიძის მამამ, ავთანდილ ნიშნიანიძემ გააცნო.

4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები 26 სექტემბერს ბაღში მიაყენეს. მშობლების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით. დღეს დილით ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც, რომლის შედეგებიც ერთ თვეში გახდება ცნობილი.