სტიქიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
11:00 საათზე საგანგებო შტაბის სხდომაზე, სტიქიის ზონებიდან დეტალური ინფორმაციები მოისმინეს.
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად წარმოიქმნა საკმაოდ ბევრი კერა, რომლებზედაც ხორციელდება მყისიერი და კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის გავრცელების ადგილებზე სრულად არიან მობილიზებული როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ოპერატიულ რეჟიმში და კოორდინირებულად მოქმედებენ ადგილობრივი შტაბები. სტიქიის ზონებში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა.
დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება უხვი ნალექი და ძლიერი ქარი. შექმნილი ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. მიღებულია ყველა ზომა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ სანაპირო ზოლსა და მდინარეების სიახლოვეს გადაადგილებას.
საგანგებო შტაბი სტიქიის შეწყვეტამდე 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გადაუდებელი დახმარებისთვის მოსახლეობას მუდმივად ემსახურება ცხელი ხაზი - 112.