ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს ბაჩო ახალაია დაიკითხება

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს ბაჩო ახალაია დაიკითხება

დღევანდელ პროცესზე სკაიპის საშუალებით დათა ახალაიას დაკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, დათა ახალაია სასასართლოს ჩვენებას არ მისცემს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, სკაიპის საშუალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მაშინდელი მოადგილე რეზო ჭარბაძე დაიკითხოს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს   ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავის ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.