პატრიარქი მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

პატრიარქი მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

9 ოქტომბერს, მახათას მთაზე, მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "იავნანადან" აცნობეს, 9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან 25 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია ამ თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა. კერძოდ, სიონში დაბრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს ერთი დღით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
როგორც ფონდში აცხადებენ, ამ დღეს ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიების მღვდელმთავრები მრევლთან ერთად იქნებიან და ეპისკოპოსები პატრიარქთან ერთად წირვას აღავლენენ. 

ამასთან, მრევლს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლება. 

ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი 1989 წელს დაიწერა და საქართველოში ჩამობრძანდა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში მოათავსეს. 1999 წლის დეკემბერში კი ოქროს პერანგში ჩასასმელად ხატი გახსნეს. მას მინა მოაცილეს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად იყო გადასული. მინაც სიონშია დაბრძანებული.