ბათუმში 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ბათუმში 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ბათუმში, ძლიერი ქარის გამო, ჯაფარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის კედელი ჩამოინგრა და გვერდით არსებული სახლის კიბე დააზიანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა, მამუკა თურმანიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც მამუკა თურმანიძემ აღნიშნა, შავი ზღვის აჭარის სანაპიროებზე 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ჩაქვის წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ბათუმი ქობულეთის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო,
"4 ბალი დაფიქსირდა ზღვაში. საფეხმავლო ბილიკებზე ნატანი ამოყრილი არ არის. ძლიერი ქარის გამო ჯაფარიძის #17-ში ჩამოინგრა მშენებარე შენობის კედელი, რამაც დააზიანა გვერდით არსებული საცხოვრებელი სახლის კიბე, არავინ დაშავებულა. ბათუმში პერიოდულად წვიმდა, სანიაღვრე არხებში წყალი ასწრებდა გასვლას, ამიტომ არ გვაქვს დატბორვები. წყალი არ მიეწოდება თამარის დასახლებას, რადგან ჩაქვის წყალი ამღვრეულია და გადაიკეტა. ელექტროენერგია მთელ ქალაქს მიეწოდება. ქობულეთი ბათუმის მაგისტრალის ჩაქვის მონაწვეთზე მოძრაობა მცირე ხნით გაჩერებული იყო, რადგან ჩაქვისწყალი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოძრაობა მალევე აღდგა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე განმარტებით, ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახურავების ან მოგლეჯილი ხეების შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში ჯერ არ შესულა. ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ძლიერი ქარი იყო.