ოთარ დანელია  USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ოთარ დანელია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია   აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.   მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა  უკვე დაწყებული  ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ირიგაციის მიმართულებით  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას.

USAID-ის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ახალ პროგრამაში  - G for G (მთავრობა განვითარებისთვის), რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის კომპონენტი. აღნიშნული კომპონენტში შესული იქნება ირიგაციის მიმართულებაც. კერძოდ, ირიგაციაში ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიც არის კლიმატზე ადაპტირებული სარწყავი სისტემები, წვეთოვანი და დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები და ა.შ.

შეხვერდაზე საუბარი შეეხო საქართველოში მცირე და საშუალო წარმოების განვითარების  ხელშეწყობის საკითხებს და პერსპექტივებს.  USAID-ის წარმომადგენლებმა   საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მიმართულებით მხარდაჭერაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.