მარგველაშვილმა და ერდოღანმა მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები გაიხილეს

მარგველაშვილმა და ერდოღანმა მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები გაიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველო-თურქეთის, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორების ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები გაიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიშნა, რომ თურქეთი კვლავაც მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას.

საუბრისას, ორი ქვეყნის ლიდერებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზეც იმსჯელეს და ყურადღება სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც გაამახვილეს.

"ჩემს თურქ კოლეგასთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობის გაღრმავების თემებზე, ასევე ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ვიმსჯელეთ დაწყებული პროექტების გაგრძელების თემაზე, რომლებიც, რეალურად, რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით შეიქმნა და ISIS თემები. ამას გარდა, მომავალ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.