საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას სამუშაო ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორთან რეგენ ფოეგელესთან და მსოფლიო ბანკის ექსპერტთან სოფლის მეურნეობის დარგში პიტერ გუდმანთან. შეხვედრა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას. ამ პროექტის ღირებულება 63 მნ აშშ დოლარია. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის და, ზოგადად ირიგაციის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლოდ, მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულების განვითარების კუთხით, დაფინანსების საკითხებს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ სხვადასხვა პროექტებზე. ოთარ დანელიამ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით თავისი ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა თუ როგორ აპირებს სახელმწიფო და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დარგის პოპულარიზაციას. საუბარია როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური მედიით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა დაუდასტურა. რეგენ ფოეგელემ გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-ში უმასპინძლოს ქართველ ფერმერებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ მიმართულების გაძლიერება გაცვლითი პროგრამებით და გადამზადების კურსებით იქნება შესაძლებელი.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება გააცნო მომავალში მსოფლიო ბანკის, IFAD-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაფინანსებული პროექტების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის და განხორციელების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტების განხორციელების განყოფილების შექმნის აუცილებლობის შესახებ. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოიწონეს მინისტრის ინიციატივა და იდეის განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკს ამ საკითხის განხორციელების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.