მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით მოძრავ მატარებელს გვირაბში ჩაუხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები. საბურთალოს ხაზზე "სადგურის მოედნის" შესასვლელი გადაკეტილია საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობა შეჩერებულია. გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკისაა, ამ დრომდე მეტროს სადგურიდან არ ამოუყვანიათ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროს სადგურში "ვაგზლის მოედანი - 2", მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია. "ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რის შემდეგაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია. საბურთალოს ხაზის ფუნქციონირება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღდგება. აქვე, ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემის გამო", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.