ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას“.
„ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. მიუხედავად ამისა, საქართველო დღესაც იღებს ლტოლვილებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან. სამწუხაროა, მაგრამ ლტოლვილთა ახალი ტალღების კერები არ მცირდება, განსაკუთრებით უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას (მაგალითად, ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს), ვუცხადებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ვთავაზობთ უსაფრთხო თავშესაფარს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.
ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი.
ყოველ წელს საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.
ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: „ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.