როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია
„ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენებია.
სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია. ქართველი ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა.
ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშვალდებულება.
დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა.
დღეს ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა დაცვას ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენთვის არანაკლებ საამაყოა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, რომლითაც გაფართოვდა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვა.
ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.