საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა შეხვედრა, რომელიც მან ვიზიტის ფარგლებში გამართა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.
"აშშ-ში ვიზიტი იყო ნაყოფიერი. რაც შეეხება გენერალურ ასამბლეაზე გუშინდელ გამოსვლას, მე ვისაუბრე ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაწუხებს ჩვენ, ქართველებს. ეს იყო მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა. შევეხე აბსოლუტურად ყველა საკითხს, არის ეს შიდაპოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობა თუ რეფორმები, რომელიც გავატარეთ მოკლე დროში, თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულება. თითქმის ყველა საკითხი დავფარე ჩემს გამოსვლაში. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო ვიზიტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები", - განუცხადა პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.