სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
“ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. ინდური ფილოსოფია ამბობს, რომ ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწიყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც დაეცა აფხაზეთის ომში”, – აღნიშნა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი არ იყო, ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ.
“ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყვნენ და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის” – აღნიშნა უწმიდესმა.
ამასთან, პატრიარქმა აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავაც გაიხსენა.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სოხუმის დაცემის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.