აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ახალი პროექტები განხორციელდება

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ახალი პროექტები განხორციელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა აშშ-ს  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელობასთან.

მხარეებმა განიხილეს აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობის საკითხები.   “სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესების პროგრამა“ ხორციელდება როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. პროგრამა გულისხმობს როგორც პირველადი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიას და მის გაუმჯობესებას, ასევე ყოველწლიური სასოფლო-სამეურნეო აღწერის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში;  მეორე პროგრამა, რომელიც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის  ხელშეწყობით ხორციელდება,   ქართველი სოფლის მეურნეობის სპეციალისტების  ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გადამზადებას ითვალისწინებს; ერთ-ერთი მნიშვნელოვანია  ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნული პროგრამა, რომლის საკოორდინაციო საბჭოში  USDA-ის (აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი) წარმომადგენლები შედიან.   საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ  დანელიამ USDA-ს წარმომადგენელს, რომელიც ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის  საკოორდინაციო საბჭოს წევრია,  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პიროვნების როლი საბჭოს ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობაში ძალიან დიდია.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს მომავალ პროექტებზე, რომელიც 2015 წლიდან უნდა განხორციელდეს. ეს არის „მომავლის ფერმერთა პროგრამა საქართველოში“, რომლის მიზანს  ახალგაზრდების  სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესება, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართულობა  და ზოგადად დარგის პოპულარიზაციაა.  ეს კი,  პრიორიტეტია როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის. მეორე პროგრამა, რომელსაც USDA განიხილავს და გეგმავს, არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაზრდა. იგეგმება კოოპერატივების წევრთა უნარების ამაღლება და შეერთებულ შტატებში გადამზადება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.