აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, გენერალ მარტინ დემფსის განცხადებით, კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტმების შედეგად სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა მხოლოდ ავიაშეტევები არ კმარა მათ დასამარცხებლად. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გენერალ მარტინ დემფსის თქმით, ერაყსა და სირიაში საჭიროა როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.
მისივე განცხადებით, სახმელეთო ძალების ფორმირებისთვის საჭირო იქნება 15 ათასამდე მებრძოლი სირიის ზომიერი ოპოზიციიდან.
"ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სირიასა და ერაყში საჭირო იქნება გაძლიერებული სამხედრო-საჰაერო დაჯგუფებები. თუმცა, აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეყვანა საჭირო არ გახდება. ერთადერთი ეფექტური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალურად დაამარცხოს "ისლამური სახელმწიფო" ქურთებისგან, ერაყელებისგან და სირიის ზომიერი ოპოზიციისგან შემდგარი ძალა იქნება", - აღნიშნა პენტაგონში გამოსვლისას მარტინ დემფსიმ.
"ბიბისის" ცნობით, გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს აშშ-ის ავიაშეტევებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერაყში. აშშ-ის გარდა, ერაყში განხორციელებულ ავიაშეტევებში მონაწილეობს საფრანგეთი, თავიანთ თვითმფრინავებს გააგზავნიან ბელგია და დანიაც.
კოალიციას, რომელსაც აშშ-ი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაა, 40-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაც.