ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების - მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების ხორცშესხმაში.
ჩვენი ისტორია და ღირებულებები ჩვენი სიძლიერეა, რომლებიც, ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უნიკალური რამ შევთავაზოთ მსოფლიოს და ვიყოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა.
ჩვენს საზღვრებს გარეთ კი ჩვენი მიზანია შევიტანოთ წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, როგორც მიმწოდებელმა და არა მომხმარებელმა ქვეყანამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მიღწევების წყალობით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც განამტკიცებს ნატო-ში საბოლოოდ გაწევრიანების გზას.
„ჩემი ქვეყნის გადაწყვეტილება, იყოს მსოფლიო უსაფრთხოებაში „წვლილის შემტანი“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი მისწრაფებებიდან გამომდინარე, უკვე ნათელია და ეს არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი. ბოლო ორი წლის მიღწევების წყალობით, ჩემს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც განამტკიცებს ნატო-ში ჩვენს საბოლოოდ გაწევრიანების გზას.
ნატო-ს ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი ხალხი კვლავაც ერთგულად ემსახურება ამ საბოლოო მიზანს. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და ზოგადად, უსაფრთხოებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.