„ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე მოჯადოებული წრე“

„ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე მოჯადოებული წრე“

როგორც პრემიერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც წარმოადგენდა

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის და დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს.

საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩვენ დავამკვიდრეთ ურთიერთობის ისეთი ფორმა, როდესაც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა, ამასთან დახმარებას ვთავაზობთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა ოცი, ანდა თუნდაც ორი წლის წინ.

ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონომიკითა და კანონის უზენაესობით დამთავრებული, სახეზეა უზარმაზარი წინსვლა.

დღეს ჩვენ ვართ ახალი დღის დადგომის მოწმე საქართველოში. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ჩვენი საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო მზარდი ეკონომიკა საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ მუშაობს.

ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს დემოკრატიას და ვახორციელებთ მის კონსოლიდაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.