“გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ”

“გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ”

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოებას და ორგანიზაციებს, ქართველი ხალხის მიმართ გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაერო-ში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიცაა თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.

უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებსაც. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ. მართალია, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ.

მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში. მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი.

რადგანაც ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ესოდენ რთული პროცესია, არაფერს არ აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტ კენედის თუ დავესესხებით, „ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ რთულია“.

რთულ პერიოდში ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდიოდა მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად და აფიქსირებდა თავის პოზიციას არჩევნებში, რათა უზრუნველეყო დემოკრატიული გზის უწყვეტობა. ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო მათი ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი გაერო-ს, საქართველოს მხარდაჭერისა და ქართველი ხალხის მიმართ გულისხმიერებისათვის. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს.

საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა კვლავაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს საქართველოს წინსვლაში. მადლობა თქვენ ქართველი ხალხის სახელით.

საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. საქართველოს მიერ განვლილი გზა მოწმობს გაერო-სა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმატებულ საქმიანობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.