მართმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას სამების ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

326 წლის 27 სექტემბერს ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ცხოველთმყოფელი ჯვარი უფლისა მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დროს მოხდა.

კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე ჯვრის ნიში წარწერით იხილა. მან მოოხრებულ იერუსალიმში დედამისი, კეთილმსახური დედოფალი ელენე გაგზავნა. მოხუცებული ელენე დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან ჯვრის ადგილსამყოფელი შეეტყო. ბოლოს მაცხოვრის საფლავი და მის მახლობლად სამი ჯვარი, ასევე პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი დაფა და ოთხი ლურსმანი იპოვეს, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, იმისთვის, რომ გაეგოთ, რომელ ჯვარზე აცვეს მაცხოვარი, სამივე მათგანი ერთ-ერთ მიცვალებულს რიგრიგობით შეახეს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.

ჯვრის თაყვანსაცემად უამრავი ქრისტიანი შეიკრიბა. ისინი პატრიარქ მაკარს სთხოვდნენ, ჯვარი აღემართა, რომ მისი დანახვა ყველას შეძლებოდა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი თაყვანს სცემდა მას.

335 წლის 14 სექტემბერს პატიოსანი და ცხოველთმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული დაწესდა.