სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი 13 თვისა და 13 დღის ბრძოლების შემდეგ წააგო.

ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

10:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა  და აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდება.

13:00 საათზე - წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა გმირთა მოედნისკენ დაიწყება, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატს დააბრძანებენ. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. 

15:00 საათზე - გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების  მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა საპატიო სტუმრები გმირთა მემორიალს ყვავილებითა და გვირგვინით შეამკობენ.

15:30 საათზე - ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისიდან ქუთაისში წააბრძანებენ.

16:00 საათზე - ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან _  „საქართველოსთვის"  მოეწყობა ომამდელი აფხაზეთის  ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება  მონუმენტს  ყვავილებით შეამკობენ, რის შემდეგაც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“ მოაწყობს ფელშმობს - „გამარჯობა სოხუმო“ (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.