"მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო აფხაზურ მხარესთან ჩატარებული მოლაპარაკებების შესახებ"

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს.

"ხვალ, 27 სექტემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს სამძიმარი ვუთხრათ ერთმანეთს, გავიხსენებთ რა 1993 წელს სოხუმის დაცემას, გავიხსენებთ იმ მოუშუშებელ ჭრილობებს, რაც ძმათამკვლელმა ომმა მოგვაყენა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, როდესაც ჯვართამაღლების ნათელ დღესასწაულს ვზეიმობთ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო აფხაზურ მხარესთან ჩატარებული მოლაპარაკებების შესახებ. მიღწეულ იქნა შეთანხმება 1992-1993 წლების ომის დროს დაღუპულ მეომართა ნეშტების გადმოსვენებისათვის ძალისხმევის გაერთიანების შესახებ.

2014 წლის გაზაფხულზე დასრულდა დაღუპული ქართველი მეომრების ნეშტების გადმოსვენება ბაბუშერას სამარხიდან.

ამ მოლაპარაკებათა ორგანიზებისათვის საგანგებო მადლიერება გვინდა გამოვხატოთ და პატივისცემა  დავუდასტუროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გაცნობოთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება.

ამჟამად საუბარია აჩადარის  სამარხის გახსნაზე, სადაც სავარაუდოდ, 44 ქართველი მეომრის ნეშტია განსვენებული. ეს მეომრები 1993 წლის 27 სექტემბერს ბოლომდე იცავდნენ სოხუმს.

ჩვენ, საქართველოს საზოგადოება, ვაფასებთ წითელი ჯვრის მოღვაწეობას მხარეთა შორის ამ შეთანხმების მისაღწევად, აგრეთვე აფხაზური მხარის კონსტრუქციულ პოზიციას. ეს კონკრეტული შემთხვევა და ორივე მხრიდან საერთო პრობლემისადმი ჰუმანური დამოკიდებულების დემონსტრირება კიდევ ერთხელ მიგვთითებს, თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად", - აღნიშნულია განცხადებაში.